გერმანია მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - შოლცი

პუბლიკა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„გერმანია მხარს უჭერს უკრაინის სასარგებლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას. ეს ასევე ეხება მოლდოვის რესპუბლიკასაც“, – განაცხადა შოლცმა კიევში გამართულ პრესსკონფერენციაზე და დასძინა, რომ „უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია“.

მანამდე კანდიდატის სტატუსის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა. POLITICO-ს ცნობით, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას მომავალ კვირაში გადაწყვეტილების მიღებამდე – მიენიჭოთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველო „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“. მისივე თქმით, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსაკუთრებული ნაბიჯი იქნებოდა.