გუშინ, მას შემდეგ, რაც ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ გამოაცხადა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ „ასტრაზენეკას“ გამოყენებას განაახლებდნენ.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, AstraZeneca-ს გამოყენებით მოსახლეობის აცრა პარასკევიდან განახლდება. დღეიდან განახლდება ვაქცინის გამოყენება საფრანგეთშიც. აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც აიცრება.
ვაქცინის გამოყენებას განაახლებს იტალიაც. პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას. AstraZeneca-ს გამოყენების განახლების შესახებ განაცხადეს კვიპროსმა, ლატვიამ და ლიეტუვამ. ესპანეთის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოყენების განახლების საკითხს განიხილავენ.
AstraZeneca-ს ვაქცინით დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აიცრება.
„AstraZeneca უსაფრთხოა, Pfizer უსაფრთხოა. კორონავირუსით დაინფიცირება კი უსაფრთხო არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მივიღოთ ვაქცინა, როგორც კი ჩვენი ჯერი მოვა. ის ცენტრი, სადაც ვაქცინაციას გავივლი, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას იყენებს“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ გამოყენება რამდენიმე პაციენტში ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტების გამოვლენის, მათ შორის თრომბის წარმოქმნის გამო დროებით შეაჩერეს. ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება კი გუშინ ევროპის წამლის სააგენტოს“ მიერ წინასწარი მოკვლევის შემდეგ მიიღეს.