გერმანიამ და აზერბაიჯანმა ორმხრივი პარტნიორობის შესახებ სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაციას მოაწერეს ხელი

პუბლიკა

ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს, აზერბაიჯანმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ დეკლარაციას, რომელიც მოიცავს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და ვაჭრობას.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მომავალი წლისთვის ყოველწლიურ 2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

როგორც Euronews წერს, ბერლინში მხარეებმა ერთობლივ დეკლარაციასთან ერთად ხელი მოაწერეს მთელ რიგ შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ინფრასტრუქტურას, ვაჭრობასა და ინვესტიციებს, ასევე მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს – რითაც გერმანია, იტალიის შემდეგ, გახდა მეორე ევროპული ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა. მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართა ერთობლივი ბიზნეს-ფორუმიც.

„მინდა მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიმართ თქვენ გვიქმნით შესაძლებლობას, მივიღოთ გაზის უფრო დიდი მოცულობა აზერბაიჯანიდან. ეს საკითხი ასევე აისახა ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა მერცმა.

„აზერბაიჯანს შეუძლია უზრუნველყოს ნავთობის საჭირო მოცულობის მიწოდება“, – აღნიშნა ალიევმა. „ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც ადგილობრივი წყაროების, ისე SOCAR-ის სავაჭრო განყოფილების მეშვეობით.“

ასევე, როგორც Euronews წერს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო „შუა დერეფანსაც“, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა დიდი ინვესტიცია ჩადო კასპიის ზღვაზე მდებარე ალათის პორტის გამტარუნარიანობის გაფართოებაში და რომ დერეფნის გავლით ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თავის მხრივ, მერცმა დადებითად შეაფასა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, გამოხატა მხარდაჭერა გრძელვადიანი მოგვარებისადმი და მოუწოდა ორივე მხარეს სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო გაფორმებისკენ.