გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი TV პირველთან კომენტარში იხსენებს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, როცა უცნობმა პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ელჩი ამბობს, რომ იმ დროს ცოლთან ერთად გადაადგილდებოდა და მას თან ახლდნენ ქართველებიც, რომელთა მოწოდების შემდეგ იმ პირმა ტერიტორია დატოვა.
პეტერ ფიშერი აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ვერ დააზიანებს, თუმცა, მისივე შეფასებით, საქართველო-გერმანიის მეგობრობა პრობლემურია.
„ბათუმში თევზის ბაზრის მიმდებარედ გადავაადგილდებოდი, ცოლთან ერთად. ქართველებთან ერთად ვიყავით. მათ უთხრეს, რომ გაჩერებულიყო და წასულიყო. ქართველების გვერდით დგომამ ძალიან გამახარა. მას არავინ აჰყვა და 6-7-მა ადამიანმა უთხრა, რომ ადგილი დაეტოვებინა და ისიც წავიდა. მე მადლიერი ვარ სოლიდარული მესიჯებისთვის. ასეთი ინციდენტები ვერ მოახდენს გავლენას საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე.
უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეგობრობა ახლა პრობლემურია, მაგრამ ჩვენი მეგობრობის შემოთავაზება ძალაშია. მინდა ვთქვა, რომ პარტნიორობას ორი მხარე სჭირდება. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, გთავაზობთ ევროკავშირის წევრობას. 30 წელია, კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს და ჩვენ ამის გაგრძელება გვინდა”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა TV პირველის ინფორმაციით.
19 მაისს გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს ბათუმში უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფიშერი იქ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პროცესთან დაკავშირებით იყო ჩასული – გერმანიის ელჩი სხვა დიპლომატებთან ერთად სხდომას დაესწრო.