გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც დეპორტაციის პროცესს დააჩქარებს

პუბლიკა

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი კანონის მიზანია უზრუნველყოს, რომ მიგრანტებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსზე, დატოვონ გერმანია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. როგორც მედია წერს, ამ ნაბიჯით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა ცდილობს, გაუმკლავდეს არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა.

ასევე, პოლიციას უფლება ექნება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც, მათ შორის, ღამით. გარდა ამისა, არალეგალურად მყოფ უცხოელებს დეპორტაციის შესახებ წინასწარ აღარ გააფრთხილებენ.

გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებშიც 12 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

სხვა საკითხებთან ერთად, კანონი თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას აძლევს გერმანიაში ქვეყანაში ჩასვლიდან ექვსი თვის შემდეგ დასაქმდნენ. ადრე ეს ცხრა თვის შემდეგ იყო შესაძლებელი.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს, ქვეყნიდან არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის 16 430 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია.