გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მთავრობაზე სიტყვა „პრორუსული“ არასწორად შეარჩია - კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი, ევროპის  „მწვანეთა პარტიის“ წევრ ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რომ გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა.

„ქართულმა ოფიციალურმა უწყებებმა, საბედნიეროდ, თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ კადიროვმა დაუკვეთა. ევროკავშირი მეზობლებს ასეთ დანაშაულებთან გამკლავებაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს. გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა“,- წერს ვიოლა ფონ კრამონი.

დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხანგოშვილის მკვლელობაში პირდაპირ რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება დაადანაშაულა.

მკვლელობის წინარეისტორიის მიმოხილვისას განცხადებაში აღნიშნულია:

„შეკვეთილი მკვლელობის წინარეისტორია იყო მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ხელისუფლებებისა და საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მიმართ”, – წერია გერმანიის პროკურატურის განცხადებაში.

გერმანიის პროკურატურის განცხადებას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში გამოეხმაურა.

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვება და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება”, – განაცხადა მან.