გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა.

„2019 წლის 18 ივლისამდე ჩვენთვის დაუზუსტებელ დროს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებმა ბრალდებულს ეთნიკურად ჩეჩენი საქართველოს მოქალაქის თორნიკე ქ.-ს (იმავე ზელიმხან ხანგოშვილს) ლიკვიდირების დავალება მისცეს”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა მკვლელობის ფონად რუსეთის ხელისუფლების, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებისა და „საქართველოს პრორუსული ხელისუფლების” მიმართ წინააღმდეგობას ასახელებს.

„შეკვეთილი მკვლელობის წინარეისტორია იყო მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ხელისუფლებებისა და საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მიმართ”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს გერმანიაში მოკლეს.

23 აგვისტოს ბერლინში, როცა ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო, რასაც EMC-ის შეფასებით, ზელიმხან ხანგოშვილისა და მისი სხვა თანამებრძოლების საჯარო და დემონსტრაციული მკვლელობებიც ადასტურებს.