გერმანიის საელჩო საქართველოში მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, გაიწვიონ რუსული კანონპროექტები პარლამენტიდან. საელჩოს შეფასებით, ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
განსაკუთრებით მივესალმებით მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას. პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს.
მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.