გერმანიის საგარეო: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ელჩი ფიშერი კონსულტაციისთვის გავიწვიოთ

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვიტილება, ელჩი ფიშერი შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გაიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.


25 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაიბარა და როგორც მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, ფიშერს „ვენის კონვენცია“ შეახსენა და განუმარტა, რომ ელჩი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს.

უწყების განცხადებით, ელჩთან შეშფოთება გამოხატეს „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობებთან“ დაკავშირებითაც.

უწყების დატოვების შემდეგ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მან უარყო მის მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები და რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გაურესებაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ.

„გერმანიის ელჩის პირველი „დაბარება“ საქართველოში. გერმანული მხარის პოზიციიდან მე დეტალებში უარვყავი უსაფუძვლო ბრალდებები ჩემ მიმართ.

გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ასეთ დონეზე გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, ვინც თავიანთი რიტორიკითა და ქმედებებით გამოიწვია ეს, დაბლოკა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

არ მომისმინეს. მე არ ვარ რადიკალი. გერმანია რჩება საქართველოს მეგობრად“, – დაწერა პეტერ ფიშერმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ.