გერმანიის საგარეო: მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს და ვუპასუხებთ საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას

პუბლიკა

გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გერმანია მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს და გერმანია უპასუხებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

„ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კიდევ ერთი დარღვევა, რასაც ჩვენ მკაცრად ვგმობთ. გერმანია მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვუპასუხებთ საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას. ამ მიზნით კოორდინაციას ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მან მოუწოდა რუსეთს შეცვალოს გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს დიპლომატიურ ჩარჩოებს.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.