გერმანული მედია წერს, რომ უკრაინაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკსა და მის გარემოცვას აედევნა რუსული დრონი. იყო საფრთხე, რის გამოც საჭირო გახდა ვიზიტის გაუქმება. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ეს ბერბოკის ქალაქ მიკოლაევში ვიზიტის დროს მოხდა.
Bild-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ასეთ დრონებს მოჰყვება პირდაპირი საჰაერო დარტყმები. გერმანული მედია ამბობს, რომ „საფრთხე იყო ძალიან დიდი”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მოგვიანებით თქვა, რომ „უსაფრთხოების მიზეზების გამო ვიზიტი ნაადრევად უნდა გაუქმებულიყო“.
დრონის გამოჩენის შემდეგ, მალევე, ბერბოკთან ერთად მყოფი უკრაინელების სმარტფონებზე ჩაირთო განგაშის სიგნალი. გარკვეული დროის შემდეგ რუსული დრონი ბერბოკის კორტეჟს ჩამოშორდა.
ბერბოკი უკრაინაში 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი წლისთავზე ჩავიდა. ქალაქ მიკოლაევში ის 25 თებერვალს იმყოფებოდა.