ისრაელში ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.
CNN-ის ინფორმაციით, რომელიც ისრაელის სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ს ეყრდნობა, ექვსი ადამიანი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ბათ-იამში დაიღუპა, სადაც დარტყმა საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.
კიდევ ოთხი ადამიანი კი ჩრდილოეთ ქალაქ ტამრაში დაიღუპა, სადაც ასევე შენობები დაზიანდა.
ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას ირანში სამხედრო ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანა.
ამ იერიშებმა, ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, იმსხვერპლა ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰოსეინ სალამი, რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი და მეცნიერი.
ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, პარასკევს დილითვე ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
შეტევის სამიზნეში მოხვდა, მათ შორის, ირანის მთავარი ურანის გამამდიდრებელი ობიექტი.