ღამის კლუბებისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

შრომის ინსპექციის განცხადებით, უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბების ასოციაციასთან რიგით მე-5 შეხვედრა გამართა.

მხარეებმა გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფექციის გავრცელების რისკებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. შეხვედრას თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტრო წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრას წინ უსწრებდა 4 დეკემბერს კლუბ „ხიდის“ დაჯარიმების ფაქტი. შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ინსპექციის ინფორმაციით, 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ „ხიდზე“ აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

კლუბის წარმომადგენელთა თქმით, ღონისძიება ყველა წესის დაცვით გაიმართა და ვირუსის პრევენციისთვის კლუბის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარეს.