ბატონი ბიძინას მთავარი მისია არის ქვეყნის გაერთიანება. ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ბიძინა ივანიშვილის მთავარი მისია, შეიძლება ასე ითქვას და ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პოლიტიკაში მოსვლამდეც და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც, მე ვიცოდი და ვიცით ყველამ, რომ ბატონი ბიძინას მთავარი მიზანი და მისი, დავარქვათ ასე, მთავარი მისია, შეიძლება ასე ითქვას და ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად. ამ საქმეშიც, რა თქმა უნდა, ამ ყველაზე დიდ, ეროვნულ საქმეში ბატონი ბიძინას როლი იქნება უნიკალური და შეუცვლელი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და უკვე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ – ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა:

„ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ.