ღარიბაშვილი ფონ დერ ლაიენს: გთხოვთ, გაემიჯნოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი მისწერა, რომელშიც 9 ივნისს საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე წერს. ღარიბაშვილი წერს, რომ რეზოლუცია „უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს“.

ღარიბაშვილის შეფასებით, რეზოლუციაში ივანიშვილის შესახებ ჩანაწერები „არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.“

როგორც ღარიბაშვილი წერს წერილში, რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული.

ის, ასევე, სთხოვს ურსულა ფონ დერ ლაიენს, „მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას“.

„მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით. თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს.

გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება.

აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას“. – წერს ღარიბაშვილი.