ღარიბაშვილი, კობახიძე, TV imedi და გლდანის ციხე - რა თქვა გრიგორიადისიმ პროცესზე

პუბლიკა

დღეს საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც გრიგორიადისიმ სიტყვით ისარგებლა.

როგორც მისი კომენტარიდან გახდა ცნობილი, გრიგორიადისი სასამართლოს მიმართავს როგორც მმართველი პარტიის ლიდერების ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის განცხადებების გამო, ასევე TV imedi-ისა და გლდანის ციხის ეპიზოდზე. მანვე სხდომაზე დააანონსა, რომ ისაუბრებს იმაზე, „თუ რა დარღვევები ხდება იქ”.

„მექნება ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან სასამართლო და მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, ვინაიდან მხოლოდ მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა.

კიდევ მექნება „TV იმედთან” სასამართლო სხდომა. ისეთი მონტაჟი გააკეთეს… დაამონტაჟეს ცუდად… არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

თმებთან დაკავშირებითაც მექნება კიდევ [სასამართლო]. ცოტა ხანში გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავაკეთებ [განცხადებას], რა დარღვევები ხდება იქ”, – განაცხადა გრიგორიადისიმ.

ლაზარე გრიგორიადისის უფლებებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავს. როგორც გრიგორიადისის ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე ამბობს, ლაზარე გრიგორიადისის მოთხოვნაა კობახიძე-ღარიბაშვილმა 15-15 ლარი გადაიხადონ ლაზარე გრიგორიადისისთვის მორალური ზიანის მიყენების გამო. ასევე, მოიხადონ საჯაროდ ბოდიში მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისთვის.

რაც შეეხება გლდანის ციხის ეპიზოდს, ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ დარღვევების შესახებ ლაზარეს მასთან არ უსაუბრია, თუმცა სავარაუდოდ, ის გულისხმობდა იმ ფაქტს, როდესაც გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, შეჭრეს თმა და მოხსნეს საყურე.

„გლდანის ციხესთან არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, მე რაც შევსულვარ იქ [ციხეში], არ უსაუბრია დარღვევებთან დაკავშირებით. ალბათ, უფრო საუბარია, როდესაც მოხდა ციხეში მისი შესახლება, მოხდა მისთვის თმების გადახოტრა და საყურეების მოხსნა, რაზეც უკვე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა თუ კიდევ დამატებით განხორციელდა რაიმე გადაცდომა ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც შევალთ მასთან საპატიმროში გამოვიტანთ ინფორმაციას”, – უთხრა ლაზარეს ადვოკატმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება, ტელეკომპანია „იმედს”, ნოზაძე ამბობს, რომ ტელევიზიამ გრიგორიადისის დაკავების შემდეგ მოიხსენიებდა, როგორც „ნასამართლევ პირს”. ადვოკატის თქმით, მის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ არსებობს.

„იმედთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა ლაზარეს დაკავება ეს იყო 29 მარტს, არაერთი მედიასაშუალება… იმედთან დაკავშირებით პირდაპირ ხდებოდა განცხადება, რომ პირი არის ნასამართლევი. არ არის პირი ნასამართლევი. პირი ითვლება ნასამართლევად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენია. ჩვენ ამ მომენტში არცერთ საქმეზე არა გვაქვს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი”, – თქვა ადვოკატმა.

ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. ის მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.