მინდა, კობახიძე და ღარიბაშვილი მოვიდნენ პროცესზე. მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა - გრიგორიადისი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისიმ სიტყვა მოითხოვა. მან იმ პროცესებზე ისაუბრა, რომლებშიც თავად იქნება მომჩივანი.

„მექნება ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან სასამართლო და მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, ვინაიდან მხოლოდ მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა.

კიდევ მექნება „TV იმედთან” სასამართლო სხდომა. ისეთი მონტაჟი გააკეთეს… დაამონტაჟეს ცუდად… არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

თმებთან დაკავშირებითაც მექნება კიდევ [სასამართლო]. ცოტა ხანში გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავაკეთებ [განცხადებას], რა დარღვევები ხდება იქ”, – განაცხადა გრიგორიადისიმ. 


ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. ის მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პრემიერი ღარიბაშვილისა და „ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართავენ.