ღარიბაშვილი მარტის აქციებზე: სიმტკიცით მოვიგერიეთ და ყველას სათანადო ადგილი მივუჩინეთ

პუბლიკა

საქართელოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. მან გამოსვლისას 7-9 მარტის აქციების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ძალადობრივი აქცია იყო.

„ორიოდე კვირის წინ, 7-9 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული, მათი ახალგაზრდული ორგანიზებული, ნაცმოძრაობის, გირჩი – მეტი თავისუფლების, ე.წ ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები.

გახსოვთ, მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები, გახსოვთ, ყველამ კარგად ვნახეთ, მოლოტოვის კოქტეილების, ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა“, – თქვა მან.


თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები.

10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების  რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.