ღარიბაშვილი: მთელ ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ძირითადად, ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა და ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში.

„მე მინდა, შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი, 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ ჩვენ შევადარებთ 2019 წელს, წელს უკვე 97,5%-ით არის აღდგენილი ტურიზმი. აქედან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი“, – თქვა მან.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ ქვეყანა წლის ბოლომდე შეინარჩუნებს ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას.