ღარიბაშვილი პარლამენტს: ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში  ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. მან გამოსვლა დაიწყო სიტყვებით, რომ არ აპირებს „ემოციების დახარჯვას“.

„მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას და ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ერთი რამ მინდა გითხრათ, ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობისა და სიყალბის პერფორმანსი“, – თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამდე სიტყვით გამოვიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. პრემიერი პარლამენტში სწორედ მისმა ფრაქციამ და სხვა დეპუტატებმა მიიწვიეს.

გიორგი ვაშაძის გამოსვლა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომზე მთავრობის პოზიციას შეეხებოდა. მან გამოსვლისას დამსწრეთ მიმართა, რომ წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი უკრაინაში დაღუპული მებრძოლებისთვის. მისი გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, გიორგი ვაშაძეს გაეფრთხილებინა და რეგლამენტის გათვალისწინებით თავად უზრუნველყოფდა წუთიერი დუმულით პატივის მიგების საკითხს.