ღარიბაშვილი პარლამენტში: ატყუებთ ხალხს თითქოს რაღაც სასწაული მოხდება თუ სტატუსს ვერ მივიღებთ

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა პარლამენტში დასრულდა. ის დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით მიიწვიეს პარლამენტში. მთავარი შეკითხვა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს შეეხებოდა.

თავის დასკვნით სიტყვაში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრებისთვის წლები დასჭირდება.

„24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა შეგახსენოთ, ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, ესაა პროცესი, ამის შემდეგ იწყება კიდევ სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება მომზადება, ამას არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი, რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა მეორეს მხრივ, თუ არ მივიღებთ სტატუსს.

სტატუსს მიიღებს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა ,“- აღნიშნა პრემიერმა.