ღარიბაშვილი: სააკაშვილისთვის რაღაც პრიზის გადაცემა იგივეა, რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს ჯილდო გადასცეს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიაში გადაცემული პრიზი არაფერს არ ნიშნავს, პირიქით, დაცინვაა ქართველი ხალხის.

„ადამიანის უფლებების რაღაც ჯილდო მისცეს. ეს ხომ დაცინვაა, ეს ხომ წარმოუდგენელია, ამიტომ , რა თქმა უნდა, არაფერს არ ნიშნავს. ეს არის დაახლოებით იგივე… რადგან ნორვეგიის იმ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა,  ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა, დაახლოებით იგივე ამბავია, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს ჯილდო. იგივეა ჩემთვის. ასობით ადამიანი ჩახოცა პირდაპირ“, – თქვა მან.

25 მარტს, ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.

ანდრეს ბრეივიკი არის ნორვეგიელი ტერორისტი, რომელმაც 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელია. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით.