ღარიბაშვილი: სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს რეგიონის საკითხები

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ურთიერთობებზე.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ზოგადად მსოფლოში არსებული ვითარება, რომელიც საკმაოდ დაძაბულია.

მე ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ასევე მადლიერი ვართ, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. ამ საკითხში სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის. სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის.

საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ ფასილიტაციის, ზოგადად, მეგორბული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც ილჰამ ალიევმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ალიევის თქმით, დღეს ისაუბრეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზებაზე.

„მეორე ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გასულ თვეს აღვადგინეთ ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე და იმედი გვაქვს, ამას მივაღწევთ და შევქმნით სამხრეთ კავკასიაში სიტუაციას, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და სხვა მიმართულებებით. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, რადგან აზერბაიჯანი იყო ოკუპირებული და არ გვეძლეოდა საშუალება, ნორმალიზებისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ ახლა მოგვეცა საშუალება“, – განაცხადა ალიევმა [საქართველოს მთავრობის უზრუნველყოფილი სინქრონული თარგმანი].

მისი თქმით, ამ სიტუაციაში საჭიროა საქართველოს ჩართულობა. ალიევმა ღარიბაშვილს ფასილიტატორის როლის შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, საქართველოში სამმხრივ შეხვედრებს დაიწყებენ.

„ჩემი იდეა ისაა, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები, თუ ნებისმიერი სხვა, მათ შორის გეოგრაფიული, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. ველით იგივეს სომხეთისგანაც. და თუ ის დათანხმდება, მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, – განაცხადა მან.