ღარიბაშვილი: შოვსა და გურიაში ოჯახები გარდაცვლილ წევრზე ₾20 000-ს მიიღებენ

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რაჭასა და გურიაში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, „თითოეულ გარდაცვლილზე”, ერთჯერადად 20 000 ლარით დაეხმარება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გურიაში, ვისაც სახლი დაუზიანდა ან დაენგრა,  გაასახლებენ და ახალ სახლს ან თანხას მისცემენ საიმისოდ, რომ თავად შეიძინონ სახლები.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით.

ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, ზოგან გაჩერება და ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი ან დაენგრა ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია, ყველას განსახლება მოხდება და ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ არანაირი სანერვიულო მათ არ აქვთ და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.