ღარიბაშვილი: ზურაბიშვილმა ამ შეწყალებით მოლოტოვი ესროლა პოლიციელს

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილებას „ანტისახელმწიფოებრივი” უწოდა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი არის დანაშაულის თანამონაწილე და „მან ამ შეწყალებით მოლოტოვი ესროლა პოლიციელს”.

„ადამიანმა[ზურაბიშვილი] შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის, ერთ-ერთი პოლიციელის, ეს ხომ ფაქტია. ყველამ კარგად ნახა ის კადრები მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, როგორ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი ამ პიროვნებამ და როგორ გადარჩა სასწაულებრივად, შეიძლება ითქვას, ჩვენი გმირი პოლიციელი. ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილიო და ამის მერე ეს რადიკალი, ექსტრემისტი პირი, შეიწყალა ე.წ  პრეზიდენტმა… სირცხვილი და დანაშაულია, ჩემს თვალში არის დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ, იგი არის თანამონაწილე, სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით”, – თქვა ღარიბაშვილმა.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარე გიგორიადისის შეიწყალებს.

მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.