ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს.

„საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ ინიციატივებზე. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაზე, ასევე უკვე არსებული პროგრამების დახვეწასთან დაკავშირებით. განიხილეს დასაქმების ხელშეწყობისა და მიგრაციის საკითხები, ასევე იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროსა და განათლების მიმართულებით არსებულ ინიციატივებზე“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, უმოკლეს ვადაში მომზადდება პაკეტი, რომელსაც მომდევნო სხდომაზე წარადგენენ განსახილველად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ირაკლი აფხაიძე ესწრებოდნენ.