ღარიბაშვილის თქმით, რეგულაციები „სპორტულ ბეთებს“ არ შეეხება

პუბლიკა

„ეს არ ეხება სპორტულ ბეთებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინკაზინოების დააანონსებულ რეგულაციებზე საუბრისას.

მისი თქმით, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი ორშაბათს  წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, „შემდეგ კი პარლამენტს მივმართავთ, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება“.

როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, ინიციატივა მოიცავს სამ კომპონენტს – ასაკობრივი ზღვარის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვას და გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოებისთვის.

„გუშინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 1,5 მილიარდი დააკლდება ბიუჯეტს.  დაახლოებით 300 მილიონია შემოსავალი ონლაინკაზინოებიდან, ამიტომ, ეს უნდა გაიზარდოს. პირველი ეტაპი იქნება ის, რომ ჩვენ გავუზრდით გადასახადებს ონლაინ-კაზინოებს. 25 წლამდე უნდა ავწიოთ ბარიერი. 14-16 წლის ბავშვები არიან ჩართულები ამ საშინელებაში. ჩვენ თაობებს ვღუპავთ და ამიტომ, ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ მათ მშობლებთან ერთდ, ჩვენ დავკარგავთ თაობებს. იყო გვერდის ავლის მექანიზმები და ჩავდებთ დამატებით დამცავ მექანიზმებს და გავამკაცრებთ რეგისტრაციას. რეკლამა უნდა აიკრძალოს ყველა სახის, ვინაიდან, ეს არის ძალიან დამაბრკოლებელი და დამაზიანებელი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ეს არ ეხება სპორტულ ბეთებს. როგორც არის ევროპაში, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ ეს არის ძარცვა ჩვენი მოსახლეობის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.