ღარიბაშვილმა მომდევნო 100 დღის განმავლობაში რეგიონებში ჩასვლა დააანონსა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი ბრიფინგი გამართა და მომდევნო ასი დღის განმავლობაში რეგიონებში ჩასვლა დააანონსა.

მისი თქმით, ამის მიზანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადებაა, რადგან მმართველ პარტიას „მაქსიმალური შედეგის” მიღება სურს.

„მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება, ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს.

მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება რეალურად წინა საარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე.

ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზაციის გაკეთება, ჩვენი რესურსების, აქტივის მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. მე გავიმეორებ ჩვენს მიზანს, ჩვენი მიზანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე”, – განაცხადა მან.

10 თებერვალს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს, მან კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა. კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობას დატოვების შესახებ 29 იანვარს განაცხადა, მანამდე ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.