ღია სივრცეებში „200-კაციანი შეზღუდვა" საარჩევნო აგიტაციას არ შეეხება - მეზვრიშვილი

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ახალი შეზღუდვები შედის ძალაში. შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის, ღია სივრცეშიც.

თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, შეზღუდვა არ გავრცელდება წინასაარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

„ვაცნობიერებთ იმას, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და, რა თქმა უნდა, ყველა ეს შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ეს ყველაფერი არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

უბრალოდ, გვსურს, მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს ორმეტრიანი დისტანციის დაცვას და სადაც პირბადეების ტარება გახლავთ სავალდებულო, ამ წესის დაცვას“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალ შეზღუდვებს შორის მოხვდა თეატრები და კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, რომელთა გახსნაც 1 ნოემბრამდე გადაიდო.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო/სოციალური ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. შეზღუდვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც.