ქართველი ჟურნალისტები თავს დაესხნენ რუსულ დელეგაციას – ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებზე

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა facebook-ზე სერგეი ლავროვსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ქართველი ჟურნალისტები ცდილობდნენ, კითხვა დაესვათ სერგეი ლავროვისთვის, რა დროსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მათ ავადმყოფები უწოდა.

„ქართველი ჟურნალისტი ქალები ჟენევაში, გაეროს ოფისში  რუსულ დელეგაციას დაესხნენ თავს. გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ყვიროდნენ, აწვებოდნენ, ძიძგილაობდნენ, ცდილობდნენ მინისტრამდე მიღწევას. წინ წასაწევად საჭირო გახდა ყველანაირად ღირსებადაკარგული ქალების ჩაჩოჩება. და იცით, რა უნდოდათ? დაუჯერებელია! ერთადერთი შეკითხვის დასმა: ჩამოვა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს რაღაც გონების დაბნელების მსგავსია, ასეთი დამოკიდებული გაგხადოს ვიღაცის ჩამოსვლამ თუ არჩამოსვლამ.  საცოდავი სანახაობაა. მე და ჩემი კოლეგა „შეგვბოჭეს“, მაგრამ შეფი არ დაზარალებულა. ყველაზე შთამბეჭდავი კი ის იყო, რომ , როდესაც ლავროვს რუსულ ენაზე უსვამდნენ შეკითხვებს, ინგლისურად გაჰყვიროდნენ „don’t touch me“. „სააკაშვილის სტილი, რომელიც რუსეთის ავიაიერიშებისას მიწაზე დაეცა“, – წერს ზახაროვა facebook-ზე და გაკაწრული ხელის ფოტოს დებს.

„თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგოებო,“ – ასე უპასუხა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას დღეს სერგეი ლავროვმა.

ლავროვს შეკითხვებით ჟურნალისტებმა ჟენევაში მიმართეს, სადაც ასევე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.


მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას უნდა უმასპინძლოს.

28 იანვარს ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებლურ ღონისძიებებს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებისა და რელიგიური, ეროვნული თუ სხვა უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“

სალომე ზურაბიშვილმა რუსი დეპუტატის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ: „ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისგან განსხვავებით, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს.

ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ მიიღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“.