თბილისში ვინ წავა, ეს საღვთისმეტყველო საკითხია – კარასინი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე

პუბლიკა

რუსეთი მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრეგორი კარასინი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა ჩამოყალიბებული არაა.

„რუსეთი მიიღებს მონაწილეობას. ვინ წავა, ეს საღვთისმეტყველო საკითხია“, – განაცხადა კარასინმა. მის კომენტარს სამთავრობო გამოცემა „РИА Новости” ავრცელებს.


მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას უნდა უმასპინძლოს.

28 იანვარს ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებლურ ღონისძიებებს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებისა და რელიგიური, ეროვნული თუ სხვა უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“

სალომე ზურაბიშვილმა რუსი დეპუტატის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ: „ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისგან განსხვავებით, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს.

ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ მიიღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“.