„ლავროვის არშემოშვებით საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს“ – მარგველაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოში არშემოშვებით შესაძლოა, გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები.

„ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტუმარი და ის საქართველოს მოპატიჟებული კი არ არის, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების დელეგაციამ მოიწვია. ამ დროს შენ დგები ამ რეალობის წინაშე, რა უნდა იყოს განმსაზღვრელი შენთვის? – შენი ემოცია, აღშფოთება თუ არა. ასეთ მომენტში ჩემთვის ყოველთვის იყო ეროვნული ინტერესები. მოდით, შევხედოთ ამას ეროვნული ინტერესების მიხედვით. ლავროვის არშემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? გეტყვით რომ კი, იმიტომ, რომ ლავროვის არშემოშვებით ჩვენ შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი, რომლებიც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ, ისინი, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. შეიძლება, საქართველოს შესახებ ნეგატიური პიარი წავიდეს ჩვენს პარტნიორებს შორის? კი, ეს საშიშიროება არსებობს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, ლავროვის ჩამოსვლის შემდეგ თბილისი მოექცევა ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში და ეს იქნება შესაძლებლობა ქართველებისთვის, რომ წარმოაჩინონ, თუ როგორი მიუღებელია ის მათთვის და ამავე დროს აჩვენონ, რომ ქართველებმა ანგარიში გაუწიეს ევროპელებს.

„მეორე მომენტია, ლავროვის არშემოშვებით რა შეიძლება, მოვიგოთ. ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ ღირსების მომენტს,  მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. შეიძლება, ჩვენზე თქვან, რომ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები. ლავროვის ვიზიტი გარკვეულ შესაძლებლობასაც გვაძლევს – ფაქტობრივად, ყველა ევროპული ტელეარხი იქნება ჩვენზე ფოკუსირებული. ლავროვის ჩამოსვლას, სავარაუდოდ, ქართული საზოგადოება შეხვდება მიუღებლობით, ამ მიუღებლობის ისეთ დონეზე აყვანა, ისე ცივილიზებულად წარმოჩინება შეიძლება ჩვენი ევროპელი მაყურებლის წინაშე, თუ რამდენად  მიუღებელია ეს ჩვენთვის. ამავე დროს [შეგვიძლია წარმოვაჩინოთ] რამდენად გავუწიეთ ჩვენ ანგარიში ევროპელებს, აი, ამის ჩვენება შეგვიძლია“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაისში ევროსაბჭოს დაგეგმილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციას საქართველო თავისი კანონმდებლობის გვერდის ავლით უმასპინძლებს. ზურაბიშვილის თქმით,  საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს სცემს და რუსეთის დელეგაციას მიიღებს.

მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას უნდა უმასპინძლოს. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა რუსეთის დელეგაცია ამ კონფერენციაში მონაწილეობას და როგორი იქნება მისი შემადგენლობა.