ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქო ბავშვების გამოყვანას გეგმავს

პუბლიკა

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე საპატრიარქო ბავშვების გამოყვნას გეგმავს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი ავრცელებს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის სახელით.

ბავშების სახელით დაწერილ ჰომოფობიურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ღირსების მარშის“ დაანონსების შემდეგ განცხადების ავტორებმა, მათმა მშობლებმა, და-ძმებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა სულიერი მშვიდობა დაკარგეს.

„მუდმივად ისმის კითხვები: ნუთუ ზნეობა არაფერს ნიშავს? ნუთუ ხალხის აზრი ფეხქვეშ უნდა გათელონ? ჩვენ ხომ არ ვუშლით, ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე იცხოვრონ პირადი ცხოვრებით, მაგრამ თავის გაუკუღმართებულ ურთიერთობებს თავს რატომ გვახვევენ?! ეს კითხვები ჩვენც გვიჩნდება. პასუხი კი არ ჩანს. ბოლო ორი თვეა ტელევიზიებში ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით დიდი ამბავი იყო ატეხილი და მუდმივად ისმოდა ფრაზა: დაცული უნდა იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. ახლა აღარ არის იგი დასაცავი? რატომ დაგვივიწყეთ?!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოში შეტანილია განცხადება, რომლითაც განცხადების ავტორები მოითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას – „სასამართლო არ გვიცავს ბავშვებს, რადგან ლგბტ პრაიდის ტყვეობაშია“.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ  დროულად აღკვეთონ მათთვის „საზიანო და ხიფათის შემცველი მოქმედებები, რასაც ახორციელებენ ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები, მონაწილენი და მხარდამჭერნი“.

განცხადების ავტორები სხვა ბავშვებს მოუწოდებენ, რომ 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.


„პუბლიკა” ემიჯნება განცხადების ჰომოფობიურ შინაარსს.