„ღორი, ნაძირალა“ – ელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა მოხსნა

პუბლიკა

„ტყემალაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ, როდის გააგდებენ კუხიანიძეს! ამიტომ მოვაძრე და დავაწერე, რაც ეკუთვნის”, – „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა მოხსნა და ნაძირალა და ღორი დააწერა.

საკრებულოს შენობასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებენ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს.

„ეს კაცი არის ნაგავი და ნაგვის ადგილი არის სანაგვეზე“, – თქვა ელისაშვილმა.

„რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მინდა, ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ასეთი განცხადებებისგან და ამგვარი განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი“, – ასე შეაფასა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრის განცხადება.

საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

LB loan image desktop LB loan image mobile