ღრმად შემაშფოთებელია ლაშქარავას სიკვდილი, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა

პუბლიკა

„TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ეხმაურება.

„ქართველი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილი მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში სცემა ბრბომ, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც.

დემოკრატიის პირობებში დაცულია უმცირესობები, დაცულია მედია და სიტყვის თავისუფლება – ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები. არც ერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ თავისუფლდება ამ პასუხისმგებლობისგან“, – წერს აპატურაი Facebook-ზე.

დღეს გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.