ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივით - EPP

პუბლიკა

„ევროპის სახალხო პარტია“ აქვეყნებს ტვიტებს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის უფლებები არ შეზღუდოს და კონსტრუქციულ დიალოგის დაუბრუნდეს.

„მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის ღირებულებებისკენ და ოპოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს, მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამასთან, „ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოხატავს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული საკანონმდებლო ინიციატივის გამო.

„ევროპის სახალხო პარტია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.


დღეს, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 1-ლი მოსმენით, 83 დეპუტატის მხარდაჭერით, მიიღეს კანონპროექტი, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.