ბათუმში აქციაზე აქტივისტები დააჯარიმეს

პუბლიკა

„სირცხვილიას“ აქტივისტი, ბათუმში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც ის მედიასთან აცხადებს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან ე.წ. კომენდანტის საათი კონსტიტუციური არაა, შესაბამისად მისი დარღვევისთვის დაწესებული სანქციაც არ არის კონსტიტუციური.

მაქარაშვილი ამბობს, რომ პოლიცია შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობს, რადგან მათ არ დააჯარიმეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რომელმაც დაარღვია რეგულაცია და ეს გადაიღეს კიდეც მედიის კამერებმა.

გარდა მაქარაშვილისა, აქტივისტების ინფორმაციით, დაჯარიმდა კიდევ 2 პირი. სამართალდამცველები ამბობენ, რომ აქციის სხვა მონაწილეებიც დაჯარიმდებიან.

„მიზანმიმართულად ამომარჩიეს,განგებ მე, რადგან ეს დაკვეთა ჰქონდათ, არც ქვითარს ჩავიბარებ და არც ჯარიმას გადავიხდი, ეს არის პროვოკაცია“, – ამბობს დაჯარიმებული, ენმ-ის წევრი სოლომონ ბაჯელიძე.

აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ „ყველა იდენტიფიცირებული დაჯარიმდება, ვინც უკვე დაჯარიმებული არ არის და კანონს არღვევს“.

ბათუმში ორგანიზაცია „სირცხვილია“ და სამოქალაქო აქტივისტები დაუმორჩილებლობის მორიგ აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ რიგ შეზღუდვებს, განსაკუთრებით, საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვას, ე.წ. კომენდანტის საათს.

„სირცხვილიას“ აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნებია – „დაასრულონ კომენდანტი, დაასრულონ ძალადობა“.

მან გაიხსენა 3 აპრილს ბათუმში აქციაზე პოლიციის მისვლის და აქტივისტების დაკავების შემთხვევა და განაცხადა, რომ აქტივისტებს ტანზე ბევრი დაზიანება აქვთ. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ისინი სხედან განსასჯელის სკამზე და არა რეალური დამნაშავეები.