„დაასრულონ კომენდანტი, დაასრულონ ძალადობა“ | ბათუმში აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ

პუბლიკა

ბათუმში ორგანიზაცია „სირცხვილია“ და სამოქალაქო აქტივისტები დაუმორჩილებლობის მორიგ აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ რიგ შეზღუდვებს, განსაკუთრებით, საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვას, ე.წ. კომენდანტის საათს.

„სირცხვილიას“ აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნებია – „დაასრულონ კომენდანტი, დაასრულონ ძალადობა“.

მან გაიხსენა 3 აპრილს ბათუმში აქციაზე პოლიციის მისვლის და აქტივისტების დაკავების შემთხვევა და განაცხადა, რომ აქტივისტებს ტანზე ბევრი დაზიანება აქვთ. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ისინი სხედან განსასჯელის სკამზე და არა რეალური დამნაშავეები.

„ხორციელდება ეს დაუმორჩილებლობის აქტი და გვინდა ვაჩვენოთ, რომ პროტესტის არსი ეს არის, რომ მოქალაქეების ხმასთან თუ მთავრობა იქნება კონფრონტაციულ რეჟიმში, თუ თუ ჩვენს ბუდეში შეცვივდებიან და პირზე ხელს ააფარებენ ადამიანებს, ეს ადამიანები გამოვლენ ქუჩაში“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მსვლელობას ახლაც მოჰყვება პოლიცია, თუმცა ხელს არ უშლიან მათ გამოხატვის თავისუფლებაში.

გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, უკვე ისე გაიარეს ნახევარი ბათუმი, პოლიციას ხელი ჯერ არ შეუშლია. მისი თქმით, ქალაქს გააგებინეს, რა უნდათ და რას აპროტესტებენ – სურთ ძალადობის დასრულება და „უაზრო რეგულაციების“ გაუქმება. მაქარაშვილის თქმით, მიდიან პოლიციის მთავარ განყოფილებასთან. მისი თქმით, ადგილობრივებს არ მოსწონთ პოლიციის ახალი უფროსის მუშაობის მეთოდი.