გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

პუბლიკა

გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.

„მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების შუამდგომლობით, რათა მან გაათავისუფლოს გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებიდან.

საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც – „განსხვავების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული”.

ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად აღიქვამს, რიგი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის გიგის პატიმრობას. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე, მან მიმართა საზოგადოებასა და კოლეგებს ოპოზიციაში, რომ მისი პატიმრობა არ გამხდარიყო ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღწევის გზაზე.

უკვე აღწერილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე მოგმართავთ, რომ განიხილოთ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასიალაია ავრცელებს.


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 2020 წლის 10 თებერვალს დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.