გიგი უგულავას საქმე - რატომ მიუსაჯეს პატიმრობა

10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდა. თავად პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას  „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეხვდა.

„ივანიშვილი ასეთი ქმედებებით ძაბავს სიტუაციას და ახდენს რადიკალიზაციას. ქვეყნისთვის ეს ცუდია, მაგრამ თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ მესამედ წავიდე ციხეში“, – თქვა გიგი უგულავამ განაჩენის გაგების შემდეგ.

უგულავას გვერდით იყვნენ სხვა ოპოზიციონერებიც. რომელთა გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილმა გაახმაურა და განაცხადა, რომ განაჩენმა წერტილი დაუსვა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს საარჩევნო მოდელზე.

ამის შემდეგ გიგი უგულავა თავისი პარტიის ოფისში წავიდა, დაემშვიდობა მხარდამჭერებს, თანაპარტიელებსა და მეგობრებს. ბოლოს კი გაემართა პოლიციაში და სამართალდამცველებს ჩაჰბარდა.

რისთვის მიესაჯა უგულავას პატიმრობა 2015 და 2020 წლებში:

უგულავას წინააღმდეგ გამოძიება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო. 2013 წელს პროკურატურამ იმჟამინდელი დედაქალაქის მერის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღძრა, მათ შორის:

  • „თბილსერვის ჯგუფის“ საქმე

(ბრალი წარედგინა 2013 წელს, გაასამართლეს 2015 წელს, გათავისუფლდა 2017 წელს)

„თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე გიგი უგულავას ბრალი 2013 წლის 22 თებერვალს წაუყენეს. გამოძიება ქალაქის იმჟამინდელ მერს სისხლის სამართლის 182-ე მუხლის (მითვისება-გაფლანგვა) მეორე და მესამე ნაწილის დარღვევას ედავებოდა. ბრალი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმეს უკავშირდებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ თბილისის მერია 5.24 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში დაადანაშაულეს.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის დეკემბერში შპს „თბილსერვის ჯგუფში“ შეიქმნა ახალი განყოფილება, სადაც 2 წლის განმავლობაში 764 ადამიანი ფიქტიურად დასაქმდა. ხოლო დასაქმებულები, ე.წ. პარტიული კოორდინატორები იყვნენ და 5 მილიონზე მეტი მათი ანაზღაურებისთვის დაიხარჯა.

საგამოძიებო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს „თბილსერვის ჯგუფის“ საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ დაამტკიცა.

საქალაქო სასამართლოს განაჩენი

გიგი უგულავა კიდევ ერთი ბრალდების გამო 2014 წელს დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტი გაატარა. თბილისის ყოფილმა მერმა წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციომ დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. გიგი უგულავა კი წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა. 2015 წლის 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლა.

თუმცა, გიგი უგულავამ ციხის გარეთ მხოლოდ ერთი დღე გაატარა. 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას „თბილსერვისის“ საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი

2017 წლის იანვარში სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პატიმრობის ვადა შეუმცირა. პატიმრობის ვადა მას საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით განესაზღვრა და 2017 წლის 6 იანვარს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

  • თბილისის განვითარების ფონდის საქმე

(ბრალი წარედგინა 2013 წელს, გაასამართლეს 2018 წელს, დააპატიმრეს 2020 წელს)

მეორე საქმე, რომელიც გარკვეულწილად „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეს წააგავდა და რომლის გამოც 10 თებერვალს უზენაესმა უგულავას ახალი მსჯავრი გამოუტანა, ე.წ. ფონდების საქმეა. ამ საქმეზე გიგი უგულავას ბრალი 2013 წლის დეკემბერში წარუდგინეს.

მანამდე, 2013 წლის ივნისში, ე.წ. ფონდების საქმეზე მერიის 5 მაღალჩინოსანს წარედგინა.

პროკურატურა აცხადებდა, რომ უგულავას წინააღმდეგ წაყენებული საქმე ორ ეპიზოდს მოიცავდა და ორივე მათგანი უკავშირდებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სახელმწიფო სახსრების გამოყენებას 2011-2012 წლებში.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გიგი უგულავას დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში“ ფიქტიურად გაფორმებული შენობის კვლევის 719 სპეციალისტისთვის ანაზღაურების მისაცემად ბიუჯეტიდან 13.85 მილიონი ლარი გამოიყო.

სპეციალისტები კი სინამდვილეში, როგორც „თბილსერვისის“ საქმეში, აქაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ. თანხის გადარიცხვა 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდში მოხდა.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, პროკურატურის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდიდან 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის პერიოდში 34.32 მილიონი ლარი გამოიტანეს, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს გადაეცათ. პროკურატურა მიიჩნევდა, რომ ესეც უგულავას დავალებით მოხდა.

2013 წელს ამ საქმეზე უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეფარდებია, თუმცა შეუჩერდა თბილისის მერის უფლებამოსილება. გადაწყვეტილება გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 23 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილებით უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი არაკონსტიტუციურად ცნო.

თუმცა, პროკურატურამ ამავე წლის ივლისში, როგორც ზემოთ არის ნათქვამი, უგულავას სხვა ბრალიც წაუყენა და დააკავა.

საქალაქო სასამართლოს განაჩენი

პირველი მსჯავრის გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ, 2018 წელს, გიგი უგულავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე, ე.წ. ფონდების საქმეზე გამოიტანა და გაამტყუნა, მაგრამ სხვა მუხლით.

უგულავას ბრალად ედებოდა 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა, რაც უფრო დიდ სასჯელს გულისხმობდა, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გიგი უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე (თბილსერვისის საქმეზე) გამოტანილმა განაჩენმა ეს განაჩენი შთანთქა.

უზენაესის გადაწყვეტილება

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბრალის დამძიმება მოითხოვა. მაგრამ 2018 წელს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

2019 წლის იანვარში პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა ერთი წლის თავზე, 2020 წელს დაინიშნა.

უზენაეს სასამართლოში საქმეს სამი მოსამართლე: შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.

2020 წლის 6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ როგორც სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას, ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

2020 წლის 10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის პოზიცია და გიგი უგულავას არა უფლებამოსილების გადამეტებაში, არამედ ბიუჯეტის თანხის მითვისება-გაფლნაგვაში გაამტყუნა.

ასე რომ, როგორც პროკურატურა ითხოვდა, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ეს დანაშაული უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე 333-ე მუხლი – უფლებამოსილების გადამეტება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს სასჯელად დაუდგინა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც განახევრდა ამინისტიის კანონის საფუძველზე. ამ განახევრებულ 4 წელიწად-ნახევარს გამოაკლდა 1 წელი, 3 თვე და 22 დღე, რაც უგულავას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰქონდა მოხდილი და საბოლოოდ, მას განესაზღვრა პატიმრობა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით.

პოლიტიკური მოტივი და სამართლებრივი ხარვეზები

გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრებას არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი გამოეხმაურა.

„იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შემაშფოთებელია, რბილი შეფასება იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება არ არის დემოკრატია“, – წერდა Twitter-ზე ადამ კინზინგერი.

კინზინგერის განცხადებიდან რამდენიმე საათში უგულავას დაპატიმრება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშმაც, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. „როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის კოლაფსი და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა“, – წერდა Twitter-ზე სენატორი რიში.

ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად პოზიცია საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გამოხატა. როგორც საელჩო წერდა, იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

შეშფოთება გამოთქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმაც და განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები „ლაკმუსის ქაღალდი“ იქნება.

უგულავას დაკავება გააკრიტიკეს იმ ქართველმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც წარსულში „ქართული ოცნების“ წევრები ან გიგი უგულავასთან დაპირისპირებულები იყვნენ. მათ შორის, გიორგი მარგველაშვილმა, თამარ ჩუგოშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ალექსანდრე ელისაშვილმა.

განცხადება გაავრცელა 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება და იგი რამდენიმე თვალსაზრისით პრობლემურია.

სახალხო დამცველის თქმით კი, უზენაეს სასამართლოში წარმართული პროცესი არამარტო პოლიტიკური ნიშნით ბადებს კითხვებს, არამედ სამართლებრივი ხარვეზების გამოც. რადგან უზენაესის განხილვაში ყოფილი გენერალური პროკურორი მონაწილეობდა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მოსამართლის პირადი დამოკიდებულება და ქცევა უნდა ქმნიდეს საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის განცდას. მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს“, – ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.

სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობს „პუბლიკასთან“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მერაბ ქართველიშვილიც.

ქართველიშვილის თქმით, ორი ფაქტორია, რომელიც სამართლებრივ ხარვეზებზე მიუთითებს – შალვა თადუმაძის როლი და ზეპირი მოსმენის უგულებელყოფა.

„შალვა თადუმაძე ამ საქმესთან მიმართებით იყო უმაღლესი ბრალმდებელი. როგორც იცით, პროკურატურა ეფუძნება ვერტიკალურ სისტემას და ასეთ გახმაურებულ საქმეზე წარმოუდგენლად მიმაჩნია მისი ნებართვის გარეშე ამ საქმეზე უზენაეს სასამართლოში შეტანილიყო საჩივარი.

შესაბამისად, გამოდის, რომ ამ საქმეზე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენ შალვა თადუმაძის დანიშვნის დროსაც ვსაუბრობდით, რომ ეს გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტებს. გუშინდელი გადაწყვეტილება  ამის ილუსტრაციაა. სამართლებრივად და პროცესუალურად სწორი იქნებოდა, თადუმაძეს თვითაცილება გამოეცხადებინა და ეს კითხვები აღარ იქნებოდა“, – ამბობს ქართველიშვილი „პუბლიკასთან“.

საია-ს იურისტის თქმით, პროცესზე გავლენა მოახდინა იმანაც, რომ მხარეებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ. არადა, უზენაესმა წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა.

„იცვლება მუხლი და მძიმდება კვალიფიკაცია, რაც საბოლოო ჯამში პირის თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს პროცესი გამართულიყო ზეპირი მოსმენით და მხარეებს თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ, რაც არ გაკეთდა. ეს ორი ფაქტორი ტოვებს იმის განცდას, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – მიიჩნევს ქართველიშვილი.

მერაბ ქართველიშვილი ფიქრობს, რომ შალვა თადუმაძის ფაქტორი შეიძლება პრეცენდენტული აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე გადაწყვეტს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანოს სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, სტრასბურგში, სავარაუდოდ, შალვა თადუმაძის პროცესში მონაწილეობასაც განიხილავენ.

„სტრასბურგის სასამართლო ასეთ დროს დაადგენს, იყო თუ არა თადუმაძის მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომაც, გარდა უშუალოდ უგულავას საქმისა, მას ექნება პრეცენდენტული მნიშვნელობა და როცა თადუმაძის მონაწილეობით უზენაესი სასამართლო განიხილავს იმ საქმეებს, როცა ის გენერალური პროკურორი იყო, ყველა იმ საქმეში იქნება ინტერესთა კონფლიქტი“, – ამბობს მერაბ ქართველიშვილი „პუბლიკასთან“.