გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად გია მურღულია დანიშნა

პუბლიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ინფორმაციას მინისტრის გადაწყვეტილებაზე სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

გია მურღულია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს მოქმედი წევრია. ის 2020 წელს უმრავლესობის კვოტით აირჩიეს მაუწყებლის საბჭოში. მურღულია უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი და მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა.

გია მურღულიას განათლების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს ის გახლდათ პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა.