გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი 17 აპრილისთვის გადაიდო.
ადვოკატ თემურ ადონიას თქმით, მას ბადრაგებმა შეატყობინეს, რომ ჩიკვაიძის სასამართლოში გადაყვანა სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყო შეუძლებელი.
დაცვის მხარემ ბრალდებულის დისტანციურად ჩართვა მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი თავად ჩიკვაიძემ თქვა.
ადვოკატ თემურ ადონიას თქმით, ჩიკვაიძეს არა მხოლოდ ფიზიკური დასწრება, პროცესში სრულფასოვნად ჩართვა სურს.
დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა გიორგი ჩიკვაიძის დაკითხვა თავის საქმეზე , სანამ სასამართლო პროცესი გაიმართება.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეცვალა.
ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო. პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას მოითხოვდა.
ჩიკვაიძესა და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩიკვაიძის და პაპიაშვილის ქმედებებმა 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.
12 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.
ადვოკატი და ბიზნესპარტნიორი ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
„13 მარტის ღამეს მას ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რის შემდეგაც დაკარგა მარჯვენა ფეხში გრძნობა და მარცხენა თვალში მხედველობა”. – ამბობოს ირაკლი პაპიაშვილი.