გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის

პუბლიკა

გიორგი ჩუბინიშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ცენტრი სამინისტროს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევასა და თამარ ბელიაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს.

თამარ ბელაშვილისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

საიას განცხადებით, 2022 წლის 15 თებერვლიდან, ცენტრის დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭომ, 2022 წლის 16 თებერვალს, ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც ეცნობა სამინისტროს.

კონკურსი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ცენტრის სამეცნიერო საბჭომ არჩევანი კვლავ თამარ ბელაშვილის კანდიდატურაზე შეაჩერა. კონკურსის დასრულების შედეგები შემდგომი ფორმალური პროცედურების გასავლელად სამეცნიერო საბჭომ სამინისტროს წარუდგინა.

„სამინისტრო ვალდებული იყო, დაემტკიცებინა სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი, თუმცა, სამინისტრომ ამ ვალდებულების შესრულებაზე დაუსაბუთებლად თქვა უარი და სამეცნიერო საბჭოს მიუთითა, რომ გამოეცხადებინათ ახალი კონკურსი. ასევე, სამინისტრომ მოითხოვა დირექტორის კანდიდატურის წინასწარი შეთანხმება. აღნიშნული ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტროსთვის მიუღებელი იყო კონკრეტულად თამარ ბელაშვილის კანდიდატურა, უარის საფუძველი კი, კანონმდებლობა არ ყოფილა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საიას შეფასებით, სამინისტროს მიერ კანონის შესაბამისად ცენტრის დირექტორად არჩეული თამარ ბელაშვილის დამტკიცებაზე უარი და ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთვის დირექტორის კანდიდატურის წინასწარ შეთანხმების მოთხოვნა სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია თამარ ბელაშვილთან მიმართებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. საიას განცხადებით, მთელი ამ დროის განმავლობაში, სამინისტრო ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის ცენტრს, რაც გამოიხატება დებულებაში ცვლილებების შეტანის, საშტატო ნუსხის დამტკიცების შეფერხებასა და ბიუჯეტის ფორმირების გაჭიანურებაში.

LB image desktop LB image mobile