გიორგი კირთაძის მიმართ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის და ძალადობის ბრალდებით დაკავებული სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ეთანხმებოდა დაცვის მხარეც. ადვოკატები სასამართლოს  3000 ლარის ოდენობით სთავაზობდნენ.

ამასთან, ბრალდებულ იოსებ სირაბიძეს დაზარალებულთან მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია აეკრძალა.

სირაბიძემ პროცესზე განაცადა, რომ ჩადენილი იყო დანაშაული, შეცდომა, რომელიც მეორედ აღარ განმეორდება.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

19 დეკემბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ. მოქალაქემ გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, შემდეგ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.

„გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.