გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიაში საშტატო განრიგის შეცვლას გეგმავს – ვის ეხება ცვლილებები

პუბლიკა

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე საშტატო განრიგში ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ დირექტორმა გუშინ აცნობა თანამშრომლებს. ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში სხვადასხვა ოთხ მიმართულებაზე დირექტორების მოადგილეებს ეხებათ. კერძოდ, თუკი მრჩეველთა საბჭო კოხრეიძის წინადადებას მოიწონებს, აჭარის ტელევიზიაში დირექტორების მოადგილის შტატი გაუქმდება.

მისი მიღების შემთხვევაში ცვლილება შეეხება აჭარის ტელევიზიაში ახალი ამბების დირექტორის მოადგილეს [სარედაქციო მიმართულება] მაია მერკვილაძესაც, რომელიც ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. კოხრეიძის დანიშვნით შემდეგ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეზე მაია მერკვილაძის არაერთი განცხადება იძებნება.

მაია მერკვილაძისთვის ჯერჯერობით უცნობია, ამ ცვლილებების შემთხვევაში მოუწევს თუ არა ტელევიზიის დატოვება, რადგან ახალი ამბების დირექტორის მოადგილის პოზიციის გარდა, ის 8-საათიანი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიცაა.

მისი თქმით, საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანით გიორგი კოხრეიძე ცდილობს, ის სარედაქციო საქმიანობას ჩამოაშოროს.

„ყველა ხვდება, რომ ამ შტატის გაუქმების მიზეზი მე ვარ. სამშაბათს გავა ეს გადაწყვეტილება [საშტატო  განრიგში ცვლილება] მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე და 3 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში დამტკიცდება.

ეს არის ჩემი, როგორც სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი პირის მოვალეობისა და ფუნქციის დაკნინება. სარედაქციო ვექტორი იყო ისეთი, როგორიც იყო. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი შეარყევს ამ მოცემულობას და მაუწყებელში მიმდინარე სხვა პროცესები სწორედ ამას აჩვენებს, რომ სურთ სარედაქციო ვექტორის შერყევა. ჩვენ ყველანაირად ვებრძვით ამას და ჩემი პოზიციის შეცვლაც არის ამ ხაზის ცვლილების მცდელობა”, – განუცხადა „პუბლიკას” მაია მერკვილაძემ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა გიორგი კოხრეიძეს. მისი თქმით, საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებით უკვე მიმართა მრჩეველთა საბჭოს. შეკითხვაზე – რატომ გადაწყვიტა მოადგილის შტატის გაუქმება – გვიპასუხა, რომ დასაბუთება წარმოდგენილია ბარათში, რომელიც მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა და როცა გახდება ცნობილი, შემდეგ გავიგებთ.

გიორგი კოხრეიძემ მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ კონტრაქტი შეუცვალა ნათია ზოიძესაც, რომელმაც შემდეგ მაუწყებელში შექმნილი ვითარების გამო, ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.