გიორგი მამალაძის განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით პროცესი 17 მარტს ჩაინიშნა

პუბლიკა

დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის აღსრულების გადავადების მოთხოვნით, მომდევნო სასამართლო სხდომა 17 მარტს ჩაინიშნა.

დღეს გამართულ პროცესზე, რომელიც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გაიმართა, სასამართლომ 7 მოწმე გამოკითხა, მათ შორის სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას” ექსპერტი და სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმი, რომლებმაც სასამართლოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„მას სჭირდება ადეკვატური მკურნალობა. ამდაგვარი მძიმე პაციენტის მკურნალობა, რომელსაც სჭირდება მულტიდისციპლინარული, მულტიპროფილური, ხანგრძლივი მკურნალობა არის შეუძლებელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფსიქიატრმა გიორგი ბერულავამ; ცენტრ „ემპათიის” წარმომადგენლის, მარიამ ჯიშკარიანის მოსაზრებით კი, „რაც უფრო გახანგრძლივდება მისი ამგვარი მდგომარეობა, ინვალიდიზაცია გაგრძელდება და შეუძლებელი გახდება ადეკვატური მკურნალობა“.

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი ნომერ მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მას შემდეგ გაიმართა, რაც საქალაქო სასამართლოში 27 თებერვალს ჩანიშნულ სხდომაზე მსჯავრდებული არ გამოცხადდა, მიზეზად კი მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა დასახელდა.

მოსამართლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადასტურებულად არ ირკვევა, რომ მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება”, დეკანოზი პირადი მოტივით უარს აცხადებს გადაადგილებაზე და მუდმივად იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. ამის გამო საქმის ძირითადი განხილვა პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოითხოვს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელი ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე გადაუვადდეს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – პარალიზებულ კიდურებზე აღენიშნება ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები, და თუ საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებს, არსებობს დაინვალიდების სერიოზული რისკი.

გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. EMC-ის თქმით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

„გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით 2019 წლის 15 თებერვალს გაუარესდა. ის თავდაპირველად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას მოითხოვდა, თუმცა მამალაძე, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – აცხადებს EMC.