გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ნოდარ რუხაძეს 1500-ლარიანი ჯარიმა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „სირცხვილიას“ ორი აქტივისტის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის პროცესი დასრულდა. გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ნოდარ რუხაძეს 1500-ლარიანი ჯარიმა. მოსამართლე თამარ მეშველიანის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

„სირცხვილიას“ აქტივისტი გიორგი მჟავანაძე აცხადებს, რომ მასზე პოლიციის ეზოში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე. მჟავანაძეს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ის ასევე დღეს, 11 ნოემბერს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ექსპერტიზაზე იმყოფებოდა.

8 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე „სირცხვილიას“ 3 აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთს, ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ გუშინ დააკისრა 1000-ლარიანი ჯარიმა და დარბაზიდან გაათავისუფლა.