გიორგი მიქაუტაძის თქმით, მაია მწარიაშვილს სასამართლოში უჩივლებს

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ იურისტ მაია მწარიაშვილს მის შესახებ „ცრუ ფაქტების” გავრცელების გამო სასამართლოში უჩივლებს.

მაია მწარიაშვილმა 14 მარტს „ფორმულას” ეთერში „ვეტინგზე” ილაპარაკა და მისი მნიშვნელობა და სამართლებრივი საფუძვლები განმარტა.

ასევე, თქვა, რომ 10 მარტს „ტვ პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი გიორგი მიქაუტაძის ქონების შესახებ.

სიუჟეტში მოყვანილია მიქაუტაძის დეკლარაცია, რომლის თანახმადაც, უვადოდ დანიშნული მოსამართლე 2020 წლიდან ფლობს 50%-იან წილს მიწის ნაკვეთისა, რომლის ფასიც 90 ათასი დოლარია. ასევე, მიქაუტაძე ფლობს 3 მიწის ნაკვეთის 100%-იან წილს, 2 ავტოფარეხსა და ბინას.

დეკლარაციისვე თანახმად, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს დედამ 50 000 დოლარი აჩუქა.

„ტვ პირველის” სიუჟეტის მიხედვით, მისი სახლი 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.

მაია მწარიაშვილმა „ფორმულას” ეთერში თქვა:

„დედამ მიიღო დივიდენდი 14 ათასი ლარი. შვილს აჩუქა 10 ათასი დოლარი. დივიდენდი ითვლება წლიურად. დავუშვათ დედას ჰქონდა ხელფასი თვეში 5 ათასი ლარი. დივიდენდი და ხელფასი ერთმანეთს დაამატა და შვილს აჩუქა. მითხარით, როგორ შეიძლება, იქცეს 14 ათასი ლარი 100 ათას დოლარად და კითხვებს არ დავსვამ კეთილსინდისერებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, მოსამართლემ შეიძინოს 2,5 ჰექტარი მიწა, გასწიოს ხარჯი 1 მილიონ დოლარამდე და დაგიჯერებთ. არ მჯერა, იმიტომ, რომ ჩემი შემოსავლები უფრო მაღალია, ვიდრე მოსამართლის. მაგრამ ჩემი შემოსავლებით ეს არ გამოდის”.

გიორგი მიქაუტაძის პასუხის თანახმად, ეს ყოველივე არის „ფაქტობრივი ტყუილი და შეთხზული ამბები „ვეტინგის” გასამართლებლად”.

მისი თქმით, სახლს თავისი შემოსავლებით, ბინების გაყიდვით და ბანკის კრედიტით იშენებს და ეს ყველაფერი დეკლარირებული აქვს.

„ჩემმა ოჯახმა თურმე დივიდენდის სახით მიიღო 14 ათასი ლარი, მაშინ, როცა გავავრცელე ინფორმაცია, რომ ყოველთვიურად დივიდენდის და ხელფასის სახით ჩემი შემოსავალი თვეში 22 ათას ლარს აღემატება, რაც მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბახტრიონიდან”, მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან მაქვს. ასევე, ტყუილია, რომ თურმე დივიდენდი წლიური გასაცემელია – ან არ აქვთ მეწარმეთა შესახებ კანონი წაკითხული, ან საზოგადოებას ატყუებენ. დივიდენდი შეიძლება გაიცეს სხვადასხვა პერიოდულობით, საწარმოს წესდების შესაბამისად.

ტყუილია, რომ ჩემი ხელფასით შევიძინე 2,5 ჰექტარი მიწა. დეკლარაციაში წერია, რომ მე და ჩემმა მეუღლემ შევიძინეთ 2500 კვადრატული მიწის ნაკვეთი. ან არ იცის, რომ 2,6 ჰექტარი 25 ათასი კვადრატული მეტრია, ან აქაც გონია, რომ მარტივი ტყუილით შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში.

ასევე, ტყუილია, რომ ბოლო 2 წელში მოხდა ეს ყველაფერი – 2020 წელს შევიძინე და მას შემდეგ მთელი ქონების მობილიზებას ვაკეთებთ, რომ სახლის მშენებლობა დავიწყოთ”.

გიორგი მიქაუტაძემ ასევე დასძინა, რომ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების არავითარი ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება.

„ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელოვნურად შექმნან „ვეტინგის” საფუძველი, რისი მიზანიც არის სასამართლო სისტემის დამორჩილება და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების გავლენების გაზრდა”. – თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

ე.წ. ვეტინგს ამ ეტაპზე საჯაროდ 10-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ – ნინო ბაქაქურმა და ეკა გასიტაშვილმა, ტყიბულის მაგისტრანტი სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლეებმა გიორგი ებანოიძემ, თამარ ხაჟომიამ, ეკა არეშიძემ და მადონა მაისურაძემ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაძემ, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა.

გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ „სასამართლო კლანიდან“, რომლის არსებობის შესახებ არასამთავრობო სექტორი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ. „სასამართლო გუშაგის“ თავმჯდომარის, ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, ე.წ. ვეტინგი გიორგი მიქაუტაძეზეც გავრცელდება.

ჯამში, „ვეტინგი” 60-მდე მოსამართლეს შეეხება: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოების თავმჯდომარეებს და კოლეგიების ხელმძღვანელებს.

ე.წ ვეტინგი, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისერების შემოწმება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით არის რეკომენდებული.

ჩანაწერის თანახმად, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.