გიორგი მუმლაძე დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

პუბლიკა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“  წარმომადგენელი და დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე პროკურატურას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართავს. განაცხადს მარნეულის პროკურატურაში ის დღეს შეიტანს.

მუმლაძის თქმით, მასზე 29 სექტემბერს მარნეულში უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ და საკრებულოს წევრმა, შერმადინ ბოჭოიძემ იძალადეს.

„ვაპირებ, შევიტანო განცხადება მარნეულის რაიონულ პროკურატურაში და მოვითხოვო დაზარალებულად ცნობა, 29 სექტემბერს ჩემზე მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, როცა ჩემზე ამირან გიორგაძემ, შერმადინ ბოჭოიძემ და „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, გიორგი შუბითიძემ იძალადეს. იმედი სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების არ მაქვს, მაგრამ ეს ბოროტების ფაქტი თუ არ იქნება დასჯილი, ჩვენ ვერ გვექნება სათანადო საარჩევნო გარემო“, – ამბობს გიორგი მუმლაძე.

მუმლაძის თქმით, ის 29 სექტემბერს მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო მისიის შესრულებისას შეესწრო ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს დაესხნენ თავს. დამკვირვებელს აღნიშნული ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებაში ხელი შეუშალეს „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსმა, ამირან გიორგაძემ, რომელმაც ჯერ ტელეფონი გააგდებინა ხელიდან მუმლაძეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.

29 სექტემბერს, დღის ბოლოს მარნეულში დაპირისპირება მოხდა. ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს თავს დაესხნენ. ნაცემი იყო ენმ-ის წევრი გივი ქველაძე, ასევე დამტვრეული იყო მანქანა. გივი ქველაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა” და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის” და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება.

30 სექტემბერს დილით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებას ამ დრომდე ამ საქმეზე არავინ დაუკავებია.