„ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ" - რას ჰყვება გიორგი მუმლაძე მარნეულის ინციდენტზე

პუბლიკა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20″-ის დამკვირვებელი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი გიორგი მუმლაძემ აცხადებს, რომ მას მარნეულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები თავს დაესხნენ. ის „მთავარ არხთან“ ჰყვება, რომ შეესწრო, როგორ უსწორდებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გივი ქველაძეს, მან სცადა სასწრაფოს გამოძახება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა ამირან გიორგაძემ მას 2-ჯერ დაარტყა. გთავაზობთ გიორგი მუმლაძის კომენტარს:

„დღეს, მთელი დღის განმავლობაში მარნეულში იყო დაძაბული ვითარება, საოლქო კომისიაში დაიწყო ეს პროცესი, აქციას მოჰყვა შეკამათება და ჩვენ – „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ჩამოვედით სადამკვირვებლო მისიის განსახორციელებად, რამდენიმე ადამიანი. შემდეგ მე დავრჩი აქ და პოლიციასთან ველოდებოდი ერთ კონკრეტულ პირს, რომელიც ელოდებოდა გამოკითხვას. ეს არის ლაშა ქველაძე, რომელიც იყო დილით მომხდარი ინციდენტის მონაწილე. საღამოს საათებში, როდესაც ეს ადამიანი გამოვიდა [განყოფილებიდან], გამოვკითხე და ვაპირებდი სახლში წასვლას.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები ახლო-ახლოს არის მარნეულში. შემდეგ ვნახე ჩემი მეგობრები, მათ ვესაუბრებოდი. ჩაიხანის გვერდით ვიყავი. დაახლოებით ათის წუთებისთის ატყდა თავგანწირული ყვირილი, ამ ხმაზე გამოვედი ქუჩაში და დავინახე 30-40 კაცი, როგორ ლეწავდა მანქანას და იქიდან როგორ ცდილობდნენ ადამიანების გადმოთრევას. დავიწყე ყვირილი – რა ხდება, რა ვითარეებაა-მეთქი. ამოვიღე ტელეფონიც, მინდოდა ეს გადამეღო. ვერც მოვასწარი ეს ყველაფერი… „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი ქველაძე დავინახე ალფალტზე უგონო მდგომარეობაში. მანქანიდან გადმოათრიეს ადამიანი  და არც ვიცი რა ჩაარტყეს, ეს ნამდვილად ვერ დავინახე, მაგრამ ის უგონო მდგომარეობაში იყო. ამ დროს თავგანწირულად ყვიროდა მისი შვილი, რომ დაგვერეკა სასწრაფოში.

მე, ბუნებრივია, თავი დავანებე გადაღების მცდელობას და გადავწყვიტე, დამერეკა სასწრაფოში. როდესაც დავიწყე აკრეფა, ტელეფონი ხელიდან გამაგდებინა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ თავდასხმას, იყო ამ ყველაფერის მონაწილე და რომელიც ასევე არის „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი მარნეულში. დავიხარე ტელეფონის ასაღებად. როდესაც ავიღე ტელეფონი, პირისპირ შემეჩეხა ამირამ გიორგაძე და დამიყვარა – „შენ ზედმეტი მოდგის“ და სახის არეში დამარტყა. ასევე შერო ბოჭოიძეც იყო ამ თავდასხმაში – ვინც ვიცანი. შემდეგ უკვე ვეღარ ვიცანი, ბევრი იყვნენ და გამოვეცალე. ვცდილობდით, რომ სასწრაფოში დაგვერეკა. სხვებსაც ვუყვიროდით, რომ დაეკერათ სასწრაფოში“, – ამბობს მუმლაძე და აზუსტებს, რომ მას ჯამში სამი ადამიანი დაესხა თავს, ხოლო თავდასხმა დაიწყო ამირან გიორგაძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მათმა პლატფორმამ საოლქო კომისიაში არაერთი საჩივარი შეიტანა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებმა „ეს ვერ აიტანეს“.

„ეს ფრაზა – „შენ ზედმეტი მოგდის“ – [ამაზე მიუთითებს]. მე ვარ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ვაფიქსირებ იმას, რაც იქ ხდება და ამის გამო გამისწორდნენ. საქართველოში ამ მომენტისთვის განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეები აბსოლუტურად დაუცველები არიან.

იმიტომ, რომ შუა ქალაქში, 9 საათზე მარნეულის ცენტრში 30-მდე ადამიანი, ორგანიზებული ჯგუფი ,ადამიანს ფაქტობრივად კლავდნენ. იქ რომ არ გავსულიყავით და ხალხი რომ არ გამოსულიყო, დაგდებულ კაცს ურტყამდნენ… კვდებოდა, კანკალებდა ადამიანი, უგონო მდგომარეობაში იყო. ძალიან შემეშინდა ამ ფაქტის, ამიტომ ვცდილობდი, რომ სასწარაფოში დამერეკა. იმას ცდილობდნენ, რომ კიდევ დაერტყათ.

ფილმებში რომ ხდება ხოლმე ძალადობა, სპეცეფექტები რომ აქვთ, ზუსტად ასე – ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ…

მე, ადამიანი, რომელიც ვეუბნები, რომ სასწრაფოში უნდა დავრეკო და ამ დროს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი ტელეფონს მაგდებინებს ხელიდან, ეგ ახლა პოტენციური მკვლელი არ არის?! ადამიანი კანკალებს, უგონო მდგომარეობაშია, უნდა დავრეკო სასწრაფოში და ხელიდან მაგდებინეს ტელეფონს, მერე ტელეფონი რომ ავიღე, თავში ჩამარტყა ორჯერ. და ეს ტიპი ახლა საკრებულოს თავმჯდომარეა, შტაბის უფროსია… წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ფაქტია“, – ამბობს ის.

მუმლაძე ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც მან შემთხვევის ადგილი დატოვა, ადგილზე იმყოფებოდა 50-მდე პოლიციელი. შემდეგ კი გაიგეს ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ.

„მე რომ წამოვედი, შემთხვევის ადგილზე მე იქ დავტოვე მინიმუმ 30 პოლიციელი, მათ შემოღობეს ლენტით, ადგილზე მუშაობდნენ ჟურნალისტები და პოლიციელებსაც კი არ მოერიდნენ, იმდენად ორგანიზებული ჯგუფის თავდასხვას ჰქონდა ადგილი“, – ამბობს ის.

მისი შესაფებით, ეს იყო დაშინების, ძალადობის ფაქტი, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნას, „ამა მწვანე შუქი აქვთ ანთებული“.

ის აღნიშნავს, რომ მომხდარი დაფიქსირებული უნდა იყოს ვიდეოკამერების ჩანაწერებით.

„ამათმა ახლა რომ თქვან, რომ კამერების ჩანაწერები არ გვაქვსო, თუ მტკიცებულების სახით არ ჰქონდათ ვიდეოკადრები, ეს ნიშნავს, რომ მთელი სისტემა ჩართული იყო – რომ გამოერთოთ კამერები, დაგეგმეს თავდასხმა, რომ შემდეგ თქვან, რომ მტკიცებულება არ გვაქვსო. იურისტი ვარ, ელემენტარული მონდომება სჭირდება, რომ მტკიცებულებები შეგროვდეს და ეს ადამიანები დღესვე იყვნენ დაკავებულები“, – ამბობს მუმლაძე „მთავარ არხთან“.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა” და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის” და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


მარნეულში  ენმ-ის აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის  29 სექტემბერს, დღის ბოლოს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

მომხდარს გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება”. მათი განცხადებით, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ენმ-ის წარმომადგენლები თავდასხმაში „ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ.